საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ

საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახე

სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ
მუხლი 1. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია მომხმარებელთა ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და ეკონომიკური
ინტერესების დაცვა მოხმარებისათვის განკუთვნილ სურსათთან მიმართებაში შიდა ბაზრის
ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მისი მრავალფეროვნების გათვალისწინებით.
მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი არეგულირებს და განსაზღვრავს:
ა) სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს;
ბ) სურსათის ხარისხის ზოგად მოთხოვნებს;
გ) სურსათისა და ცხოველის საკვების ეტიკეტირების ზოგად მოთხოვნებს;
დ) სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობასა და ხარისხთან დაკავშირებით
სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებლის/
დისტრიბუტორის ვალდებულებებს;
ე) სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობისა და ხარისხის სახელმწიფო
კონტროლის მექანიზმებს;
ვ) სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სახელმწიფო კონტროლზე და
ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციებს;
ზ) ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევაზე შესაბამისი აღმკვეთი ზომების მიღებისა და
გატარების ზოგად წესებს.
2. ეს კანონი არ ვრცელდება პირადი ან ოჯახური მოხმარებისათვის განკუთვნილ
სურსათსა და ოჯახურ წარმოებაზე.
მუხლი 3. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სურსათი (ან სასურსათო პროდუქტი) — ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი
პროდუქტი, გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი. სურსათი მოიცავს ასევე ყველა სახის
სასმელს, საღეჭ რეზინს და ყოველ ნივთიერებას დაფასოებული და სურსათში გამოსაყენებელი
წყლის ჩათვლით, რომელიც მიზანმიმართულადაა დამატებული სურსათის შემადგენლობაში მისი
წარმოებისა და გადამუშავების დროს. სურსათი არ მოიცავს ცხოველის საკვებს, ფარმაცევტულ
პრეპარატებს ან სამკურნალო პროდუქტებს, საერთო მოხმარების საგნებს, თამბაქოს და თამბაქოს
პროდუქტებს, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს, სხვადასხვა ნარჩენებსა და
დამაბინძურებლებს;
2
ბ) გადამუშავება — ნებისმიერი პროცესი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის თავდაპირველ
პროდუქტს; მათ შორის გაცხელება, შებოლვა, კონსერვირება, დამწიფება, გამოშრობა, დამარილება,
გაცივება ან ამ პროცესთა ნებისმიერი კომბინაცია;
გ) გადაუმუშავებელი სასურსათო პროდუქტი — სასურსათო პროდუქტი, რომელსაც არ
გაუვლია გადამუშავების პროცესი;
დ) სურსათის ან ცხოველის საკვების მწარმოებელი — ფიზიკური ან იურიდიული პირი,
რომელიც პასუხს აგებს ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებაზე მის მიერ წარმოებული
საქმიანობის ყოველ ეტაპზე;
ე) ცხოველის საკვები — ნებისმიერი ნივთიერება ან პროდუქტი, საკვებდანამატების
ჩათვლით, გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი, რომელიც გამიზნულია ცხოველის საკვებად;
ვ) საფრთხე — ისეთი ბიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური აგენტი, რომელმაც
სასურსათო პროდუქტში ან ცხოველის საკვებში მოხვედრის შემთხვევაში შესაძლებელია ზიანი
მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს;
ზ) სურსათის ხარისხი — უვნებელი სურსათის იმ მახასიათებლების ერთობლიობა,
რომელიც დაკავშირებულია საბოლოო მომხმარებლის ეკონომიკურ ინტერესებთან;
თ) რისკი — მომხმარებლის ჯანმრთელობაზე საფრთხით გამოწვეული არასასურველი
ზეგავლენის და მისი სიმძიმის ალბათობა;
ი) რისკის ანალიზი — პროცესი, რომელიც მოიცავს 3 ურთიერთდაკავშირებულ
კომპონენტს: რისკის შეფასებას, რისკის მართვას და რისკის კომუნიკაციას;
კ) რისკის შეფასება — მეცნიერულად დასაბუთებული პროცესი, რომელიც მოიცავს 4
საფეხურს: საფრთხის იდენტიფიცირებას, საფრთხის დახასიათება-აღწერას, საფრთხის გამოვლენის
შეფასებასა და რისკის დახასიათებას;
ლ) რისკის მართვა — რისკის შეფასებისაგან განსხვავებული პროცესი, რომლის დროსაც
რისკის შეფასების შედეგების გათვალისწინებით ხდება გადაწყვეტილების შერჩევა შესაძლო
ალტერნატივებს შორის სამართლებრივი ნორმების ფარგლებში;
მ) რისკის კომუნიკაცია — რისკის ანალიზის პროცესში ინფორმაციისა და დასკვნების
შეუფერხებელი გაცვლა მეცნიერებს, რისკის შემფასებელებს, რისკის მართვაზე პასუხისმგებელ
პირებს, ასევე მომხმარებლებს, სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებლებს/ დისტრიბუტორებს
შორის საფრთხეებისა და რისკების, რისკის შეფასების შედეგებისა და რისკის მართვის პროცესში
მიღებული გადაწყვეტილებების საჭირო განმარტებების ჩათვლით;
ნ) მიკვლევადობა — სურსათის, ცხოველის საკვების, მათში გამოსაყენებლად განკუთვნილი
ნებისმიერი ნივთიერების ან სურსათის საწარმოებლად განკუთვნილი ცხოველის შესახებ
მონაცემებისა და ინფორმაციის დადგენის შესაძლებლობა წარმოების, გადამუშავებისა და
დისტრიბუციის ყოველ ეტაპზე;
3
ო) წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპები — პროცესის ყოველი ეტაპი
სურსათისა და ცხოველის საკვების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, გადამუშავების,
შენახვის, ტრანსპორტირების, ბაზარზე განთავსებისა და მომხმარებლისთვის მიწოდების ჩათვლით;
პ) პირველადი წარმოება — პროდუქტების პირველადი წარმოება, მოშენება, გაზრდა და
მოყვანა, მოსავლის აღების, ნაყოფის კრეფის, რძის წველისა და დაკვლამდე ცხოველის მოშენების
ჩათვლით. პირველადი წარმოება აგრეთვე მოიცავს ნადირობას, თევზჭერასა და ველური
მცენარეების შეგროვებას;
ჟ) მომხმარებელი — სურსათის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც არ გამოიყენებს
სურსათს სხვა პროდუქციის საწარმოებლად;
რ) სახელმწიფო კონტროლი — საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების — სურსათის
უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიერ
განხორციელებული ქმედება სურსათის ან ცხოველის საკვების ამ კანონის მოთხოვნებთან
შესაბამისობის დადგენის ან გამოვლენილი შეუსაბამობის აღმოფხვრის უზრუნველყოფის მიზნით;
ს) ბაზარზე განთავსება — სურსათის ან ცხოველის საკვების განთავსება-შენახვა მისი
რეალიზაციის მიზნით, რაც მოიცავს მიწოდებას, გაყიდვას ან გადაცემას ნებისმიერი ფორმით;
ტ) მავნებელი სურსათი — სურსათი, რომელიც ვერ უპასუხებს ამ კანონით
გათვალისწინებულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს;
უ) ეტიკეტი — სურსათთან დაკავშირებული ნებისმიერი სიტყვა, ინფორმაცია, სავაჭრო
ნიშანი, დასახელება, ილუსტრაცია ან სიმბოლო განთავსებული შეფუთვაზე, იარლიყზე, სურსათს
თანდართულ ან მასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე, შენიშვნაზე, იარლიყზე, საყელურზე ან
ბეჭედზე;
ფ) საცალო ვაჭრობა — სურსათის, მისი დამუშავების ან შენახვის ორგანიზება მის
სარეალიზაციოდ განკუთვნილ ადგილზე ან საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდების ადგილზე;
ქ) დაფასოებული სასურსათო პროდუქტი — სურსათის ნებისმიერი ნაწილობრივ ან
მთლიანად შეფუთული ერთეული, რომლის შიგთავსის შეცვლა შეუძლებელია შეფუთვის გახსნის
ან შეცვლის გარეშე;
ღ) ფალსიფიკაცია — სურსათის შემადგენლობის, მახასიათებლების, ასორტიმენტის და
წარმოშობის შეუსაბამობა დადგენილ მოთხოვნებთან ან თანდართულ დოკუმენტებში და
ეტიკეტზე აღნიშნულ მონაცემებთან;
ყ) საკვები დანამატი — ნივთიერება, რომელიც მიუხედავად მისი საკვები ღირებულებისა
ჩვეულებრივ პირობებში არ გამოიყენება კვებისთვის, მაგრამ ხელოვნურად ემატება საკვებს
დამუშავების, გადამუშავების, წარმოების, შეფუთვისა და შენახვის დროს, რის შემდეგადაც
აღნიშნული ნივთიერება ან მისი გვერდითი პროდუქტები ხდება საკვები პროდუქტის
ინგრედიენტი;
4
შ) პარტია — ერთი ტიპისა და დასახელების პროდუქციის იდენტიფიცირებადი რაოდენობა,
გამოშვებული ერთი და იმავე საწარმოს მიერ, ერთი და იმავე ცვლის დროს და გაფორმებული
ერთი და იმავე ეტიკეტით;
ჩ) ორგანოლეპტიკური მახასიათებლები — მახასიათებლები, რომლებიც ადამიანის გრძნობის
ორგანოებით აღიქმება (შესახედაობა, ფერი, გემო, სუნი და სხვა);
ც) დასახელებული საგამოცდო ლაბორატორია — დადგენილი წესის შესაბამისად
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს — აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული და
ლაბორატორიათაშორისი გამოცდების შედეგად დასახელებული ლაბორატორია, რომელიც
შეტანილია აკრედიტაციის სისტემის სახელმწიფო რეესტრში;
ძ) გლეხური/ფერმერული/კუსტარული წარმოება — საქმიანობა, რომლის მიზანია საკუთარი
ან შეძენილი პროდუქციისაგან ტრადიციული წესითა და ჩვეულებით წარმოებული სურსათის
რეალიზაცია;
წ) ოჯახური წარმოება — საქმიანობა, რომლის მიზანია საკუთარი ან შეძენილი
პროდუქციისაგან ტრადიციული წესითა და ჩვეულებით დამზადებული სურსათის წარმოება
საკუთარი მოხმარებისთვის;
ჭ) მწარმოებელი:
ჭ.ა) პროდუქციის დამამზადებელი ან სხვა პირი, რომელიც თავის თავს წარმოადგენს
დამამზადებლად პროდუქციისათვის თავისი სახელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა განმასხვავებელი
ნიშნის მინიჭებით, ან პროდუქციის გადამკეთებელი;
ჭ.ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი წარმომადგენელი ან პროდუქციის
იმპორტიორი, როდესაც უცხოელ დამამზადებელს არ ჰყავს წარმომადგენელი;
ხ) მაღალი რისკის წარმოება — ცხოველური წარმოშობის სურსათის, დაბალი მჟავიანობის
დაკონსერვებული სურსათის, ბავშვის საკვების წარმოება, გადამუშავება ან დისტრიბუცია,
ცხოველის საკვების წარმოება ან შეფუთვა;
ხ.ა) ცხოველური წარმოშობის პროდუქტი — პროდუქტი, რომელიც წარმოებულია ცოცხალი
და დაკლული ცხოველისაგან და გამიზნულია ადამიანთა მოხმარებისათვის;
ხ.ბ) დაბალი მჟავიანობის დაკონსერვებული სასურსათო პროდუქტი — სასურსათო
პროდუქტი, რომელიც ჰერმეტულად შენახულია კონტეინერში, რომლის ბუნებრივი pH უფრო
მაღალია, ვიდრე 4.6;
ხ.გ) ბავშვის საკვები — სურსათი, რომელიც აკმაყოფილებს ჯანმრთელი ჩვილი ბავშვისა და
ადრეული ასაკის ბავშვის კონკრეტულ კვებით მოთხოვნებს და რომელიც გამოიყენება ჩვილი
ბავშვისათვის დედის რძის ჩანაცვლების, ადრეული ასაკის ბავშვისათვის დამატებითი საკვების
მიცემის ან მათი ჩვეულებრივ კვებაზე პროგრესული ადაპტაციის მიზნით.
ჯ) დისტრიბუტორი — პირი (მათ შორის, რეალიზატორი), რომელიც მოქმედებს თავისი
პროფესიული საქმიანობის ფარგლებში პროდუქციით უზრუნველყოფის ქსელში და რომლის
5
საქმიანობას შეუძლია გავლენა მოახდინოს ბაზარზე გატანილი პროდუქციის უვნებლობის
მახასიათებლებზე;
მუხლი 4. სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ძირითადი
პრინციპები
1. სურსათის უვნებლობის ძირითადი პრინციპებია რისკის ანალიზი, გაფრთხილება,
გამჭვირვალობა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.
2. რისკის ანალიზი მოიცავს რისკის შეფასებას, კომუნიკაციას, მართვას და სხვა
დამატებით ღონისძიებებს.
მუხლი 5. რისკის შეფასება
1. ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად ამ კანონით
გათვალისწინებული ზომები უნდა ეფუძნებოდეს რისკის შეფასებას იმ შემთხვევის გარდა,
როდესაც შექმნილი განსაკუთრებული გარემოებები არ იძლევა ამის შესაძლებლობას.
2. რისკის შეფასება ეფუძნება მეცნიერულად დასაბუთებულ შედეგებსა და მონაცემებს და
ხორციელდება დამოუკიდებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ.
მუხლი 6. რისკის კომუნიკაცია
რისკის კომუნიკაციის მიზანია რისკის მართვაზე, სურსათისა და ცხოველის საკვების
უვნებლობის სახელმწიფო კონტროლზე, სურსათის ან ცხოველის საკვების მწარმოებლებისა და
მომხმარებელთა უზრუნველყოფა დროული, მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციით
სურსათთან დაკავშირებული საფრთხეებისა და შესაძლო რისკების თაობაზე.
მუხლი 7. რისკის მართვა
რისკის მართვამ რისკის შეფასების შედეგების გათვალისწინებით უნდა უზრუნველყოს
გამაფრთხილებელი და მაკორექტირებელი ზომების გატარება სურსათის მოხმარების შედეგად
წარმოქმნილი რისკების შემცირების, აღმოფხვრის, ან პრევენციის მიზნით. აღნიშნული ზომები
უნდა იყოს ეფექტიანი, ობიექტური და ადეკვატური.
მუხლი 8. რისკის ანალიზში შემავალი დამატებითი ღონისძიებები
სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს რისკის
ანალიზში შემავალი შემდეგი დამატებითი ღონისძიებები:
6
ა) კომპეტენტური სამეცნიერო დასკვნის მიწოდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი
უფლებამოსილი ორგანოებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთათვის შესაძლო საფრთხესთან
დაკავშირებით;
ბ) რისკის შეფასებისა და სახელმწიფო კონტროლის მეთოდოლოგიის შემუშავების
ხელშეწყობა და კოორდინირება;
გ) რისკის შეფასებისათვის აუცილებელი დამატებითი სამეცნიერო კვლევების საჭიროების
განსაზღვრა;
დ) სამეცნიერო და ტექნიკური მონაცემების მოკვლევა, შეგროვება, აღრიცხვა და ანალიზი;
ე) ახალი საფრთხეების იდენტიფიცირება და აღწერა;
ვ) სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში მოქმედი და
დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის ხელშეწყობა;
ზ) მეცნიერული და საექსპერტო დახმარება საგანგებო ზომების გატარებისას კრიზისული
ვითარების დროს ამ კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 9. გაფრთხილება
1. შესაძლებელია რისკის მართვის დროებითი ზომების გატარება განსაკუთრებული
გარემოებების დროს, როდესაც დადგენილია ადამიანთა ჯანმრთელობაზე სურსათის მავნე
ზეგავლენის შესაძლებლობა და არსებული ინფორმაციის საფუძველზე ვერ ხერხდება მისი
მეცნიერულად დასაბუთება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გატარებული ზომები უნდა იყოს საფრთხის
პროპორციული.
მუხლი 10. გამჭვირვალობა
1. რისკის მართვის ზომების შემუშავების, განხილვისა და შეფასების პროცესი არის
საჯარო, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევებისა.
2. ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის რისკის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის არსებობის
შემთხვევაში, ამ რისკის ხასიათისა და მისი სერიოზულობიდან გამომდინარე, სახელმწიფო
უფლებამოსილი პირები ვალდებული არიან ფართო საზოგადოებას მიაწოდონ შესაბამისი
ინფორმაცია საეჭვო რისკისა და მისი ბუნების შესახებ, კონკრეტული სურსათისა და ცხოველის
საკვების, აგრეთვე იმ ზომების თაობაზე, რომლებიც ტარდება ამ რისკის შემცირებისა და
აღმოფხვრისათვის.
მუხლი 11. სურსათის უვნებლობის მოთხოვნები
1. დაუშვებელია სურსათის ბაზარზე განთავსება, თუ იგი არ არის უვნებელი.
2. სურსათის მავნებლობის დადგენისას გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:
7
ა) დადგენილი პირობების დაცვა სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და
დისტრიბუციის ყოველ ეტაპზე;
ბ) საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდებული ან/და პროდუქციის ეტიკეტზე
განთავსებული ინფორმაცია კონკრეტული სასურსათო პროდუქტის ან მსგავსი კატეგორიის
სურსათის ადამიანის ჯანმრთელობაზე სპეციფიკური არასასურველი გავლენის თავიდან აცილების
შესახებ;
გ) სურსათის ჩვეულებრივი გამოყენება საბოლოო მომხმარებლის მიერ.
3. იმის დასადგენად, საზიანოა თუ არა ჯანმრთელობისათვის სურსათი,
გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ფაქტორები:
ა) სურსათის არა მხოლოდ შესაძლო მეყსეული, ხანმოკლე ან გრძელვადიანი გავლენა
მომხმარებელზე, არამედ მისი ეფექტი მომდევნო თაობებზედაც;
ბ) შესაძლო ტოქსიკური კუმულაციური ეფექტი;
გ) განსაკუთრებული კატეგორიის მომხმარებელთა ჯანმრთელობაზე ზეგავლენის ხარისხი,
თუ აღნიშნული სასურსათო პროდუქცია სპეციალური კატეგორიის მომხმარებლისათვისაა
განკუთვნილი.
4. სურსათის მოხმარებისათვის გამოუსადეგარობის განსაზღვრისას გათვალისწინებული
უნდა იქნეს მისი შესაძლო დაბინძურების წყაროები და მიზეზები.
5. საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდება/ვაჭრობა შესაძლებელია
განხორციელდეს მხოლოდ სპეციალურად დადგენილი პირობების დაცვით.
6. სურსათი, რომელიც აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობის სფეროში საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მიჩნეულია უვნებლად ამ კანონით დადგენილ
მოთხოვნებთან მიმართებაში.
7. სურსათის დოკუმენტურად დასაბუთებული შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან არ
გამორიცხავს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული
სამსახურის (შემდგომში — „სამსახური“) მიერ სათანადო ზომების მიღებას მისი ბაზარზე
განთავსების შეზღუდვა/აკრძალვასთან ან ბაზრიდან ამოღებასთან დაკავშირებით, თუ არსებობს
საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოთხოვნებთან დოკუმენტური შესაბამისობის მიუხედავად სურსათი არ
არის უვნებელი.
მუხლი 12. ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნები
1. ცხოველის საკვები არ უნდა იქნეს ბაზარზე განთავსებული ან სურსათის საწარმოებლად
განკუთვნილი ცხოველის საკვებად გამოყენებული, თუ იგი არ არის უვნებელი.
2. ცხოველის საკვები ითვლება მავნედ, თუ მას საზიანო გავლენა აქვს ცხოველის
ჯანმრთელობაზე ან/და ამ საკვებით გამოკვებილი სურსათის საწარმოებლად განკუთვნილი
ცხოველისაგან მიღებული სურსათი მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
8
3. თუ ცხოველის საკვები, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ცხოველის საკვების უვნებლობის
მოთხოვნებს, წარმოადგენს იმავე კლასის ან აღწერილობის ცხოველის საკვების პარტიის, სერიის
ან ტვირთის ნაწილს, ცხოველის საკვების მთელი პარტია, სერია ან ტვირთი მიიჩნევა მავნედ იმ
შემთხვევის გარდა, როცა დეტალური შემოწმების შედეგად არ დასტურდება, რომ პარტია, სერია
ან ტვირთი სრულად ვერ აკმაყოფილებს ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს.
4. ცხოველის საკვები, რომელიც აკმაყოფილებს ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მიიჩნევა უვნებლად.
5. ცხოველის საკვების დოკუმენტურად დასაბუთებული შესაბამისობა დადგენილ
მოთხოვნებთან არ გამორიცხავს სამსახურის მიერ სათანადო ზომების მიღებას მისი ბაზარზე
განთავსების შეზღუდვა/აკრძალვასთან ან ბაზრიდან ამოღებასთან დაკავშირებით, თუ არსებობს
საფუძვლიანი ეჭვი, რომ დოკუმენტური შესაბამისობის მიუხედავად ცხოველის საკვები არ არის
უვნებელი.
მუხლი 13. სურსათისა და ცხოველის საკვების იმპორტი, ექსპორტი
და რეექსპორტი
საქართველოში იმპორტირებული სურსათი და ცხოველის საკვები უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოდან ექსპორტირებული და
რეექსპორტირებული სურსათი და ცხოველის საკვები უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონით
დადგენილ მოთხოვნებს, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც სხვა რამ მოითხოვება მიმღები ქვეყნის
მიერ.
მუხლი 14. სურსათის მწარმოებელი საწარმოების რეგულირება
სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი/დისტრიბუტორი არ შეიძლება ახორციელებდეს
სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებას, შენახვას, დაფასოებას ან ბაზარზე
განთავსებას, თუ იგი არ არის დადგენილი წესით რეგისტრირებული.
მუხლი 15. პასუხისმგებლობა სურსათისა და ცხოველის საკვების
უვნებლობაზე
1. მწარმოებელი/დისტრიბუტორი თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია
უზრუნველყოს და რეგულარულად შეამოწმოს სურსათის ან ცხოველის საკვების შესაბამისობა ამ
კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან.
2. თუ მწარმოებელს და დისტრიბუტორს აქვს საფუძვლიანი ეჭვი მის მიერ
იმპორტირებული, გადამუშავებული, დამზადებული ან სადისტრიბუციო სურსათის ან ცხოველის
საკვების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ
მიიღოს ზომები ამ სურსათის ან ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად.
9
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას, თუ
პროდუქტი აღარ იმყოფება მწარმოებლის/დისტრიბუტორის უშუალო კონტროლის ქვეშ, იგი
ვალდებულია გამოითხოვოს ეს პროდუქტი ბაზრიდან და ამის შესახებ აცნობოს სამსახურს.
4. თუ საეჭვო სურსათმა ან ცხოველის საკვებმა მაინც მიაღწია მომხმარებლამდე,
მწარმოებელი/დისტრიბუტორი ვალდებულია მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია მომხმარებელს ამ
პროდუქციის მოხმარებიდან ამოღების მიზეზების შესახებ (განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც
სხვა ზომები არასაკმარისია ჯანმრთელობის დაცვის მაღალი დონის უზრუნველსაყოფად,
გამოითხოვოს მომხმარებლისათვის უკვე მიწოდებული სურსათი ან ცხოველის საკვები).
5. მწარმოებელი/დისტრიბუტორი, რომლის საქმიანობის სფერო საცალო ვაჭრობა ან
დისტრიბუციაა, ვალდებულია უზრუნველყოს იმ პროდუქციის ბაზრიდან ამოღება, რომელიც ვერ
აკმაყოფილებს უვნებლობის მოთხოვნებს და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სამსახურს.
6. თუ მწარმოებელი/დისტრიბუტორი თვლის, ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბაზარზე
განთავსებული სურსათი ან ცხოველის საკვები შესაძლებელია მავნებელი იყოს ადამიანთა
ჯანმრთელობისათვის, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე სამსახურს და
მოახსენოს იმ ზომების შესახებ, რომლებიც უკვე იქნა მიღებული საბოლოო მომხმარებლის
ჯანმრთელობის რისკის თავიდან ასაცილებლად.
7. მწარმოებელმა/დისტრიბუტორმა უნდა ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ
ორგანოებთან სურსათის ან ცხოველის საკვების მოხმარებით გამოწვეული რისკის შესამცირებლად
მიმართული ზომების გატარებაში.
მუხლი 16. სურსათის ან ცხოველის საკვების მიკვლევადობასთან
დაკავშირებული მოთხოვნები
1. სურსათის, ცხოველის საკვების, სურსათის საწარმოებლად განკუთვნილი ცხოველის ან
სურსათის შემადგენლობაში არსებული ან სავარაუდოდ არსებული ნებისმიერი მავნე ნივთიერების
მიკვლევადობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის
თითოეულ ეტაპზე.
2. მწარმოებელი/დისტრიბუტორი ვალდებულია ფლობდეს ინფორმაციას ნებისმიერ პირზე,
რომელმაც მას მიაწოდა სურსათი, ცხოველის საკვები ან/და სურსათის საწარმოებლად
განკუთვნილი ცხოველი.
3. მწარმოებელი/დისტრიბუტორი ვალდებულია დანერგოს ისეთი საწარმოო პროცედურები,
აწარმოოს სურსათი ან საკვები პარტიებად და გამოიყენოს სათანადო სისტემები იმ პირთა და
სავაჭრო ქსელის დასადგენად, ვისაც მიაწოდა წარმოებული სურსათი ან ცხოველის საკვები.
4. მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად ბაზარზე განთავსებული სურსათი ან ცხოველის
საკვები ეტიკეტირებული უნდა იყოს დადგენილი წესით, რათა შესაძლებელი იყოს მისი
იდენტიფიცირება.
10
5. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად სურსათისა და
ცხოველის საკვების მიკვლევადობასთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი
ურთიერთობების დამატებითი მოწესრიგება ხდება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტებით.
მუხლი 17. მოთხოვნები საფრთხეების კონტროლის შიდა
სისტემასთან დაკავშირებით
1. მწარმოებელი ვალდებულია დანერგოს საფრთხეების კონტროლის შიდა სისტემა
შემდეგი ძირითადი პრინციპების შესაბამისად:
ა) განისაზღვროს წარმოებულ პროდუქციასა და ტექნოლოგიურ პროცესებთან
დაკავშირებული შესაძლო საფრთხეები და დადგინდეს ამ საფრთხეების საკონტროლო კრიტიკული
წერტილები;
ბ) განისაზღვროს და დაინერგოს მეთოდები კრიტიკული წერტილების მონიტორინგისა და
შემოწმების, აგრეთვე სათანადო გამაფრთხილებელი და მაკორექტირებელი ქმედებების
გასატარებლად, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი საფრთხეთა რეალიზაციის რისკი;
გ) უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო ლაბორატორიული გამოცდების ჩატარება სურსათის
უვნებლობის პარამეტრებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
დ) უზრუნველყოფილ იქნეს ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული
პარამეტრების შესახებ ჩანაწერების წარმოება, დაცვა და მათი ხელმისაწვდომობა სამსახურისთვის;
ე) უზრუნველყოფილ იქნეს ჩატარებული შემოწმებებისა და ლაბორატორიული გამოცდების
შედეგების დაცვა არანაკლებ 2 წლის განმავლობაში.
2. საფრთხეების კონტროლის შიდა სისტემა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისოდ
აღიარებულ და აპრობირებულ მეთოდებს.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფრთხეების კონტროლის შიდა
სისტემის შედეგები გამოავლენს მომხმარებლის ჯანმრთელობისათვის არსებითად გაზრდილ ან
მზარდ რისკს, მაშინ სურსათი ან ცხოველის საკვები მიჩნეულ უნდა იქნეს შეუსაბამოდ ამ
კანონით დადგენილი უვნებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
4. საფრთხეების კონტროლის შიდა სისტემასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ
ვრცელდება პირველად წარმოებაზე და „მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილ მცირე საწარმოებზე, ასევე გლეხურ/ფერმერულ/კუსტარულ
წარმოებაზე.
5. მოთხოვნები საფრთხეების კონტროლის შიდა სისტემასთან დაკავშირებით
განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 18. სურსათის ხარისხის რეგულირება
11
1. მწარმოებელს/დისტრიბუტორს და მომხმარებლებს უფლება აქვთ გაყიდონ ან შეიძინონ
ნებისმიერი ხარისხის სურსათი, თუ იგი აკმაყოფილებს დადგენილ უვნებლობის მოთხოვნებს.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაძლებელია სურსათის
ხარისხთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნების დაწესება მომხმარებელთა ეკონომიკური
ინტერესების დაცვის მიზნით, მათთვის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების
შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად და ფალსიფიკაციის ან ნებისმიერი სხვა ქმედების
აღსაკვეთად, რომელსაც შეუძლია მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა.
3. სურსათის ხარისხთან დაკავშირებით შესაძლებელია დადგინდეს დამატებითი
მოთხოვნები:
ა) სურსათის კლასიფიკაციისა და დასახელებისადმი;
ბ) სურსათის ორგანოლეპტიკური მახასიათებლებისა და შემადგენლობისადმი;
გ) გამოყენებული ნედლეულის, საკვებდანამატების და სხვა მასალების ტიპისა და
ხარისხის მიმართ;
დ) გამოყენებული ტექნოლოგიური პროცედურებისადმი;
ე) ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მიმართ, სპეციფიკური ინფორმაციის ჩათვლით,
რომლის დატანაც აუცილებელია პროდუქტის ეტიკეტზე ან მის თანმხლებ აღწერილობაში.
მუხლი 19. სურსათის ეტიკეტირების წესი
1. სურსათის ეტიკეტირება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით.
2. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები სურსათის ეტიკეტირებასთან ერთად აგრეთვე
ვრცელდება:
ა) სურსათის წარდგენაზე, განსაკუთრებით, მისი ფორმის, შეფუთვის გარეგნული სახის,
გამოყენებული შესაფუთი მასალის, ფორმისა და გარეგნულ ნიშანზე;
ბ) რეკლამაზე.
3. აკრძალულია სურსათის ისეთი სახით ეტიკეტირება ან ეტიკეტირების ისეთი
მეთოდების გამოყენება, რომლებმაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი შემდეგ
მახასიათებლებთან დაკავშირებით:
ა) სურსათის თვისებების, განსაკუთრებით მისი ბუნების, იდენტურობის, შემადგენლობის,
მოცულობის, ვარგისიანობის ვადისა და წარმოებისა თუ მომზადების მეთოდის არასწორი
დახასიათება;
ბ) სურსათისთვის იმ ეფექტისა თუ თვისებების მიწერა, რომლებიც სინამდვილეში მას არ
გააჩნია;
გ) მომხმარებლის დარწმუნება იმაში, რომ კონკრეტულ სასურსათო პროდუქტს გააჩნია
განსაკუთრებული თვისებები, მაშინ როდესაც იგივე თვისებები გააჩნია სხვა მსგავს სურსათსაც.
4. შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დამატებით შეიძლება დადგინდეს:
12
ა) დაფასოებული სურსათის ეტიკეტზე გარკვეული სახის ინფორმაციის დატანის
აუცილებლობა, აგრეთვე დაუფასოებელი სურსათის შემთხვევაში ასეთი სახის ინფორმაციის სხვა
საშუალებით მიწოდება;
ბ) სურსათთან დაკავშირებული სპეციფიკური ან გარკვეული ტიპის განცხადებების
აკრძალვა.
მუხლი 20. სურსათის სახელმწიფო კონტროლის მიზნით აღებული
ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდა
1. სურსათის სახელმწიფო კონტროლის მიზნით აღებული ნიმუშის ანალიზი ტარდება
სპეციალურად შერჩეულ დასახელებულ საგამოცდო ლაბორატორიებში.
2. სახელმწიფო კონტროლის მიზნით აღებული ნიმუში უნდა იქნეს აღებული და
გადაცემული დასახელებული საგამოცდო ლაბორატორიისათვის სამსახურის უფლებამოსილი
მოხელის მიერ.
3. სურსათის სახელმწიფო კონტროლისათვის საცალო ვაჭრობიდან ნიმუშის აღების და
ლაბორატორიული გამოცდის ხარჯებს გაიღებს დამკვეთი (სამსახური), რომელიც
ლაბორატორიული გამოცდის შედეგებს დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის
მწარმოებელს/დისტრიბუტორს.
4. აკრედიტაციის ეროვნული ორგანო — აკრედიტაციის ცენტრი ადგენს და აქვეყნებს იმ
დასახელებული საგამოცდო ლაბორატორიების სიას, რომელსაც ენიჭება ლაბორატორიული
ანალიზის განხორციელების უფლება სურსათის სახელმწიფო კონტროლისათვის. აღნიშნული სია
ქვეყნდება საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით გამოცემაში.
მუხლი 21. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო
კონტროლი
სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მოიცავს ქვემოთ
ჩამოთვლილ ქმედებათაგან ერთ-ერთს, ან მათ ერთობლიობას:
ა) ინსპექტირებას;
ბ) დადგენილი წესით ნიმუშების აღებას და დასახელებული ლაბორატორიული გამოცდის
ჩატარებას;
გ) პერსონალის ჰიგიენის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმებას;
დ) მონაცემებისა და დოკუმენტური მასალის შემოწმებას;
ე) ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
ჩანაწერების შემოწმებას.
მუხლი 22. ინსპექტირება
13
უფლებამოსილი მოხელე სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიზნით
ამოწმებს:
ა) სურსათისა და ცხოველის საკვების წარმოების ადგილის, საწარმოს, ოფისების, საწარმოს
მიმდებარე ტერიტორიის, სატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკისა და აღჭურვილობის
მდგომარეობასა და გამოყენების პირობებს;
ბ) ნედლეულს, ინგრედიენტებს, ნახევარფაბრიკატებს, ტექნოლოგიურ საშუალებებსა და
სხვა პროდუქტებს, რომლებიც გამოიყენება სურსათისა და ცხოველთა საკვების დასამზადებლად
და საწარმოებლად, საბოლოო სასურსათო პროდუქტსა და ცხოველის საკვებს, მასალებსა და
საგნებს, რომლებიც კონტაქტში შედიან სურსათთან;
გ) სარეცხ და სადეზინფექციო საშუალებებს, რომლებსაც იყენებენ სურსათისა და
ცხოველთა საკვების მწარმოებლები/დისტრიბუტორები თავიანთი ბიზნესის წარმოებისას;
დ) სურსათის ან ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებსა
და სურსათის ეტიკეტირებას.
მუხლი 23. ინსპექტირების ზოგადი პრინციპები
1. სურსათისა და ცხოველის საკვების ინსპექტირება ხორციელდება რეგულარულად რისკის
შეფასების საფუძველზე განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, ან იმ შემთხვევაში,
როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი სურსათის უვნებლობის მოქმედ ნორმებთან შეუსაბამობაზე.
2. ინსპექტირება შეიძლება განხორციელდეს როგორც გეგმურად, ასევე წინასწარი
გაფრთხილების გარეშე, საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში.
3. ინსპექტირება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და
პროცედურების შესაბამისად.
მუხლი 24. სურსათის ხარისხის სახელმწიფო კონტროლი
1. სურსათის ხარისხის სახელმწიფო კონტროლი მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-
ერთს ან მათ ერთობლიობას:
ა) დადგენილი წესით ნიმუშების აღებას და დასახელებულ ლაბორატორიაში გამოცდის
ჩატარებას;
ბ) დოკუმენტური მასალის შემოწმებას.
2. სურსათის ხარისხის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება საცალო ვაჭრობის დონეზე.
მუხლი 25. სურსათის უვნებლობისა და ხარისხის ზედამხედველობისა და კონტროლის
სახელმწიფო სისტემა
1. სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
14
2. სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სფეროში კონტროლსა და ზედამხედველობას
ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება — სამსახური და მხოლოდ აღნიშნული სამსახურია
უფლებამოსილი განახორციელოს სურსათის სფეროში ზედამხედველობა, მონიტორინგი და
სახელმწიფო კონტროლი.
მუხლი 26. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს
უფლებამოსილებები სურსათის უვნებლობისა და
ხარისხის სფეროში
სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სფეროში საქართველოს სოფლის მეურნეობის
სამინისტროს ფუნქციებია:
ა) სურსათისა და ცხოველის საკვების სფეროში ნორმატიული აქტების გამოცემა და
კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობა;
ბ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში ერთიანი
სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება და მისი განვითარების ხელშეწყობა;
გ) სამსახურის კონტროლი, ზედამხედველობა და მისი საქმიანობის უშუალო ორგანიზაცია;
დ) ღონისძიებებისა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება ამ კანონის 32-ე მუხლით
განსაზღვრული კრიზისული მდგომარეობის მართვის უზრუნველსაყოფად;
ე) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში
საერთაშორისო თანამშრომლობა და დადგენილი წესით სხვადასხვა საერთაშორისო
ორგანიზაციებში და ურთიერთობებში მონაწილეობა;
ვ) სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის საერთო კოორდინაცია და
წარმართვა;
ზ) რისკის ანალიზის ფარგლებში რისკის შეფასებისა და კომუნიკაციის პროცედურის
ორგანიზება.
მუხლი 27. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები სურსათის
უვნებლობის სფეროში
1. სურსათის უვნებლობის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქციებია:
ა) სურსათის უვნებლობის პარამეტრებისა და მახასიათებლების განსაზღვრა;
ბ) ჯანსაღი კვებისა და სურსათის კვებით ღირებულებასთან დაკავშირებული პოლიტიკის
შემუშავება;
გ) ბავშვთა კვებასთან (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა კვებასთან) დაკავშირებული პოლიტიკისა
და კანონმდებლობის სრულყოფაზე მუშაობა.
15
2. სურსათის უვნებლობის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებებია:
ა) სურსათის უვნებლობის ნორმებისა და კონკრეტული პარამეტრების განსაზღვრა;
ბ) სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა მომხმარებელთა
სპეციალური ჯგუფებისათვის.
გ) სურსათით გამოწვეული დაავადებების მონიტორინგისა და შესაბამის მონაცემთა ბაზის
წარმოება;
დ) ბავშვთა კვების (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა) წარმოების ყველა საფეხურზე
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის
ზედამხედველობა და კონტროლი;
ე) ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრული კრიზისული მდგომარეობის მართვაში
მონაწილეობის მიღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) მოსახლეობის ინფორმირება ჯანსაღი კვების საკითხების შესახებ.
მუხლი 28. სამსახური
1. სამსახური არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომლის უმთავრესი მიზანია
მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, აგრეთვე მათი ეკონომიკური ინტერესების
დაცვა ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილ სურსათთან და ცხოველის საკვებთან
დაკავშირებით.
2. სამსახურის უფროსს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით
ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. სამსახური მოქმედებს ამ კანონით, „სურსათისა და თამბაქოს შესახებ“, „ვეტერინარიის
შესახებ“, „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“, „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სანიტარიული კოდექსით, აგრეთვე სხვა
შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესითა და განსაზღვრული
უფლებამოსილებების შესაბამისად.
მუხლი 29. სამსახურის ფუნქციები და
უფლებამოვალეობები
1. ამ კანონითა და შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი
წესით, სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) რისკის მართვის განხორციელება;
ბ) სურსათისა და ცხოველთა საკვების უვნებლობისა და ხარისხის დაცვის
უზრუნველყოფა;
გ) ცხოველთა ჯანმრთელობისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა.
16
2. სურსათისა და ცხოველთა საკვების უვნებლობის სფეროში სამსახურის
უფლებამოსილებებია:
ა) წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე, სურსათისა და
ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან
შესაბამისობისობაზე, ჰიგიენური და სანიტარიული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე
ზედამხედველობისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
ბ) სურსათის ხარისხის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; ფალსიფიკაციის
ფაქტების გამოვლენა და აღმკვეთი ზომების გატარება;
გ) სასურსათო ან/და საკვებწარმოების ობიექტზე საფრთხეების შიდა კონტროლისა და
მიკვლევადობის სისტემების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა (სასურსათო ან/და
საკვებწარმოების ობიექტზე საფრთხეების შიდა კონტროლისა და მიკვლევადობის სისტემები
დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისად მიიჩნევა და დამატებით გადამოწმებას არ ექვემდებარება,
თუ საწარმოს გააჩნია აღნიშნულ სისტემაზე შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტის (მათ შორის,
HACCAP-ის) მიხედვით, ეროვნული ან საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ორგანოს მიერ
სერტიფიცირებული სისტემა).
3. სამსახურის მოვალეობებია:
ა) სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის მიმდინარე საკითხებზე მოსახლეობის
ინფორმირება;
ბ) სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში არსებული სამართლებრივი
მოთხოვნების შესახებ მწარმოებლების/
დისტრიბუტორებისა და მომხმარებელთა ინფორმირება.
4. სამსახური მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელების მიზნით
თანამშრომლობს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
მუხლი 30. სამსახურის წლიური გეგმა და ანგარიში
1. სამსახურის მიერ სურსათის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება წლიური
პროგრამის შესაბამისად, რომელიც მტკიცდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს
მიერ და მოიცავს:
ა) პროგრამის შემუშავების კრიტერიუმებს;
ბ) განსახორციელებელი შემოწმებების რაოდენობასა და ტიპს.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოველწლიურად წარედგინება
სურსათისა და ცხოველის საკვების სახელმწიფო კონტროლის შედეგების წლიური ანგარიში,
რომელიც მოიცავს:
ა) განხორციელებული ინსპექტირების რაოდენობას, ტიპსა და მათ თანაფარდობას
დამტკიცებულ გეგმასთან მიმართებაში;
ბ) გამოვლენილი დარღვევების რაოდენობასა და ტიპს;
17
გ) აღმოჩენილი დარღვევების საპასუხოდ გატარებულ ზომებს.
3. სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობისა და ხარისხის სახელმწიფო
კონტროლის წლიურ გეგმებსა და ანგარიშებს ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის
სამინისტრო.
მუხლი 31. რეფერენტული (შედარებითი) გამოცდების ჩატარება
1. სამსახურის მიერ რეფერენტული გამოცდა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე
მხარე (სამსახური ან მწარმოებელი/
დისტრიბუტორი) არ ეთანხმება დასახელებულ ლაბორატორიაში ჩატარებული გამოცდების
შედეგებს.
2. რეფერენტული გამოცდის ჩასატარებლად სამსახური შეარჩევს:
ა) სხვა დასახელებულ ლაბორატორიას (მწარმოებლის/
დისტრიბუტორის წარმომადგენელს აქვს უფლება დაესწროს გამოცდას);
ბ) საერთაშორისო (მათ შორის, სხვა ქვეყნების) ან დსთ-ის ქვეყნების აკრედიტაციის მქონე
ლაბორატორიას.
3. რეფერენტული გამოცდის დასკვნა საბოლოოა.
4. რეფერენტული გამოცდის ის ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ამ მუხლით
განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, იფარება მოდავე მხარის მიერ.
5. თუ რეფერენტული გამოცდით დადასტურდება ერთ-ერთი მხარის (სამსახურის ან
მოდავე მხარის) არგუმენტების სისწორე, მეორე მხარე (წაგებული მხარე) მას უბრუნებს ამ
მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურისათვის გაწეულ ხარჯებს.
მუხლი 32. საგანგებო ზომები სურსათისა და ცხოველის საკვების
უვნებლობის უზრუნველსაყოფად
თუ დასაბუთებულია, რომ სურსათი ან ცხოველის საკვები შეიცავს სერიოზულ რისკს
ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობისათვის და არსებული საშუალებებითა და რესურსებით ვერ
ხერხდება მისი თავიდან აცილება, შექმნილი ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახური ვალდებულია განახორციელოს
შემდეგი ზომები:
ა) ადგილობრივი წარმოშობის სურსათის ან ცხოველის საკვებთან მიმართებაში:
ა.ა) გარკვეული ვადით შეაჩეროს სურსათის ან ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება;
ა.ბ) მოახდინოს მოსახლეობის დროული ინფორმირება სურსათის ან ცხოველის საკვების
მოხმარებისგან დროებით თავის შეკავების შესახებ;
ა.გ) განსაზღვროს სპეციალური მოთხოვნები მაღალი რისკის სურსათთან და ცხოველის
საკვებთან დაკავშირებით;
18
ა.დ) მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სათანადო და
საგანგებო ზომები;
ბ) იმპორტირებული სურსათის ან ცხოველის საკვებთან მიმართებაში:
ბ.ა) გარკვეული ვადით შეაჩეროს სურსათისა და ცხოველის საკვების იმპორტი
ექსპორტიორი ქვეყნიდან ან ამ ქვეყნის რომელიმე ნაწილიდან, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში,
ტრანზიტის ქვეყნიდან;
ბ.ბ) განსაზღვროს სპეციალური მოთხოვნები ექსპორტიორ ქვეყანასთან, ამ ქვეყნის
რომელიმე რეგიონთან ან ტრანზიტის ქვეყანასთან მიმართებაში მაღალი რისკის სურსათის ან
ცხოველის საკვებთან დაკავშირებით;
ბ.გ) მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სათანადო
საგანგებო დროებითი ზომები.
მუხლი 33. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა
1. სამსახური ამზადებს სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში
შექმნილი კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმას და წარუდგენს საქართველოს სოფლის
მეურნეობის სამინისტროს.
2. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმამ კონკრეტულად უნდა განსაზღვროს რისკის
ის დონე, რომლის აღკვეთა, აღმოფხვრა ან მისაღებ დონემდე შემცირება გართულებულია და
დაკავშირებულია გარკვეულ სიძნელეებთან.
3. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა კონკრეტულად განსაზღვრავს იმ
ქმედებებისა და ღონისძიებების ჩამონათვალს, რომლებიც აუცილებელია კრიზისის სამართავად,
კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნის, გამჭვირვალეობისა და პროპორციულობის პრინციპის
დაცვისა და საინფორმაციო სტრატეგიის ჩათვლით.
მუხლი 34. სამსახურის უფლებამოსილი მოხელის უფლებები
1. სამსახურის უფლებამოსილ მოხელეს უფლება აქვს:
ა) „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ წესით შევიდეს და აიღოს ნიმუშები ლაბორატორიული გამოცდისათვის
უფლებამოსილებაში განსაზღვრულ კონკრეტულ ობიექტზე;
ბ) გამოითხოვოს სარეგისტრაციო წიგნი, დოკუმენტი ან სხვა მონაცემები, რომლებიც
შეიცავს ამ კანონის განხორციელებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას სურსათის ან ცხოველის
საკვების შესახებ, გადაიღოს მათი ასლები და გააკეთოს ამონაწერები;
გ) უვნებლობის მაჩვენებლების შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში შეაჩეროს სურსათის
ან ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება.
19
2. უფლებამოსილი მოხელე ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილი
უფლებების განხორციელებისას სათანადო ქმედებებთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის
თხოვნის საფუძველზე წარადგენს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელ მოწმობას.
3. უფლებამოსილმა მოხელემ უნდა გაათავისუფლოს ამ მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად შეჩერებული სურსათი და ცხოველის საკვები, თუ დადასტურდა, რომ ამ კანონის
მოთხოვნები დაცულია დაკავებულ სურსათთან ან ცხოველის საკვებთან დაკავშირებით.
4. ობიექტის მფლობელი, მწარმოებელი/დისტრიბუტორი, ან მათი ნებისმიერი
თანამშრომელი, ვალდებულია აღმოუჩინოს დახმარება უფლებამოსილ მოხელეს სახელმწიფო
კონტროლის განხორციელებაში.
5. აკრძალულია განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის ან რისკის ანალიზის
შედეგად მოპოვებული სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის
გამჟღავნება მწარმოებლის/დისტრიბუტორის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
6. ამ კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მწარმოებელი/დისტრიბუტორი
უფლებამოსილია გაასაჩივროს სამსახურის გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
მუხლი 35. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის
ნებისმიერი პირი, რომელიც დაარღვევს ამ კანონით დადგენილ წესებს, პასუხს აგებს
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 36. გარდამავალი დებულებები
1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში განსაზღვროს
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის
ზედამხედველობის, მონიტორინგისა და კონტროლის სფეროები.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის
ვადაში:
ა) დაამტკიცოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული
სამსახურის დებულება და საშტატო განრიგი;
ბ) დაამტკიცოს საბაჟო ზონაში „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად საკარანტინო, ფიტო- და ვეტსანიტარიული ზედამხედველობის,
მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესები.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2006 წლის
1 მარტამდე უზრუნველყოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
ეროვნული სამსახურის კადრებით დაკომპლექტება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი წესით და სამსახურის ფუნქციონირების დაწყება.
20
4. საქართველოს მთავრობამ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,
უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების — „კოდექს ალიმენტარიუსის“ (Codex Alimentarius)
რეგისტრაციაში გატარება.
5. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2006 წლის 1 აგვისტომდე შეიმუშაოს:
ა) სურსათის წარმოების სფეროში მიკვლევადობის, საფრთხის ანალიზისა და საკონტროლო
კრიტიკული წერტილების დადგენის წესი საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით;
ბ) მავნებელი სურსათის განადგურების წესი;
გ) რისკის ანალიზის ფარგლებში რისკის შეფასებისა და კომუნიკაციის პროცედურები;
დ) უფლებამოსილი მოხელის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესები და
პროცედურები;
ე) სურსათის მონიტორინგის, ზედამხედველობისა და კონტროლის პროცედურები.
6. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის
ვადაში უზრუნველყოს:
ა) ინსპექტირების განხორციელების წესებისა და პროცედურების დამტკიცება;
ბ) პროცედურების შემუშავება სურსათის სასაზღვრო კონტროლის განსახორციელებლად;
გ) საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის
ჰიგიენური პირობებისა და წესების შემუშავება და დამტკიცება.
7. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში შეიმუშაოს
საქართველოს სანიტარიულ კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლისა და საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონების პროექტები.
8. მიკვლევადობისა და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების
სისტემების დანერგვა განხორციელდეს მაღალი რისკის წარმოებაში 2009 წლის 1 იანვრიდან,
გარდა:
ა) პირველადი წარმოებისა;
ბ) მცირე და გლეხური/ფერმერული/კუსტარული წარმოებისა.
9. მიკვლევადობისა და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების
სისტემების დანერგვა განხორციელდეს ყველა სხვა სურსათის გადამამუშავებელი წარმოებისათვის
2010 წლის 1 იანვრიდან.
10. მიკვლევადობისა და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების
სისტემების დანერგვა განხორციელდეს ცხოველთა საკვების გადამამუშავებელი საწარმოებისათვის
2011 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 37. დასკვნითი დებულება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
21
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 27 დეკემბერი.
„ს უ რ ს ა თი ს უ ვ ნ ე ბ ლო ბ ი ს ა და ხ ა რ ი ს ხ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ “
ს ა ქ ა რ თვ ე ლო ს კ ა ნ ო ნ შ ი და მ ა ტ ე ბ ე ბ ი ს ა და ც ვ ლი ლე ბ ე ბ ი ს შ ე ტ ა ნ ი ს
თ ა ო ბ ა ზ ე
მუხლი 1. „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N4, 18.01.2006, მუხ. 30) შეტანილ იქნეს შემდეგი
დამატებები და ცვლილებები:
1. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) ბავშვთა კვების (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა კვების) პროდუქტების წარმოების
ყველა საფეხურზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან
შესაბამისობის ზედამხედველობა და კონტროლი.“.
2. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. 36-ე მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2007 წლის 1 ივლისამდე
უზრუნველყოს საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და
რეალიზაციის ჰიგიენური პირობებისა და წესების შემუშავება და დამტკიცება.“;
ბ) მე-8–მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. მიკვლევადობისა და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო
წერტილების სისტემების დანერგვა განხორციელდეს მაღალი რისკის წარმოებაში 2010 წლის 1
იანვრიდან, გარდა:
ა) პირველადი წარმოებისა;
ბ) მცირე და გლეხური/ფერმერული/კუსტარული წარმოებისა.
9. მიკვლევადობისა და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო
წერტილების სისტემების დანერგვა განხორციელდეს ყველა სხვა სურსათის
გადამამუშავებელი წარმოებისათვის 2011 წლის 1 იანვრიდან.
10. მიკვლევადობისა და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო
წერტილების სისტემების დანერგვა განხორციელდეს ცხოველთა საკვების გადამამუშავებელი
საწარმოებისათვის 2012 წლის 1 იანვრიდან.“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 361 მუხლი:
„მუხლი 361
1. ამ კანონის 22-ე, 23-ე და 30-ე მუხლები ამოქმედდეს 2008 წლის 1 ივნისიდან.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2007 წლის 15 თებერვლამდე
შეიმუშაოს და დაამტკიცოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
ეროვნული სამსახურის უფლებამოსილი მოხელეების სათანადო მომზადებისათვის საჭირო
სასწავლო ღონისძიებების ნუსხა ამ ღონისძიებების ჩატარების თარიღების მითითებით.
3. 2008 წლის 1 ივნისამდე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო
კონტროლი ხორციელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის მიერ
დადგენილი წესით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება ცხოველთა დაავადებების სახელმწიფო
კონტროლზე, რომელიც განსაზღვრულია „ვეტერინარიის შესახებ“ და „მავნე
ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით.
5. საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 1 თებერვლამდე დაადგინოს სურსათისა და
სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესი და
უზრუნველყოს აღნიშნული სისტემის ამოქმედება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: