ზურაბ ტყემალაძე: “პარადოქსია, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მავნე პროდუქციაზე იაფი ღირს“
პარლამენტარ გიორგი გოგუაძის ინიციატივას საქართველოს ტერიტორიის გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადებისა და ამგვარი პროდუქციის სავალდებულო მარკირების შესახებ , როგორც ჩანს, კონკურენტები არ ეყოლება. ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლები საუბრობენ.
ინიციატივას მხარდამჭერები ბიზნესმენთა წრეებშიც ჰყავს.
პარტია “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე გოგუაძის ინიციატივას სრულად უჭერს მხარს.
იგი ამბობს, რომ ქართულ ბაზარზე, დასავლეთის პრაქტიკისგან განსხვავებით, გენმოდიფიცირებული და ნიტრატებით გაჯერებული პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა ადგილობრივ პროდუქციაზე ძვირი ღირს. ტყემალაძე ამ პარადოქსის მიზეზს “გარკვეული ჩინოვნიკების“ მიერ იმპორტული პროდუქციის ლობირებაში ხედავს.
“ბატონი გოგუაძის ინიციატივის მიზანია არა გენმოდიფიცირებული პროდუქციის, არამედ ორგნიზმების შემოტანის აკრძალვა. ესაა, მაგალითად, სათესლე მასალა, რომელიც აზიანებს ნიადაგს, კლიმატსა და ზოგადად, გარემოს, რომ არაფერი ვთქვათ ადამიანის ჯანმრთელობაზე. ინიციატივის მიზანია, ადამიანმა პროდუქტის შეძენისას იცოდეს, გენმოდიფიცირებულ თურქულ კარტოფილს ყიდულობს თუ სვანეთში მოყვანილ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი, ცხადია, უსაფრთხო პროდუქტს ამოირჩევს, მით უფრო, რომ იგი საქართველოში მავნე პროდუქციაზე იაფი ღირს,“ – აღნიშნავს ტყემალაძე. მისი აზრით, ამ ინიციატივის კანონად ქცევა რეალისტურია, რადგან მისი ოპონირება პარლამენტარებისთვის რთული იქნება.
“საინტერესოა, რა არგუმენტი უნდა დაუპირისპირონ ოპონენტებმა ამ კნონპროექტს? ხოლო როდესაც მას კანონის სახე ექნება, სავალდებულო იქნება პროდუქტის მარკირება, რაც ამ საკითხში წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება,“ – აღნიშნა ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გოგუაძის ინიციატივის თანახმად, საქართველოს ტერიტორია გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად უნდა გამოცხადდეს.
“მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის 26 სექტემბრის დადგენილებით საქართველო შეუერთდა “ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმს,“ ქვეყანას არ გააჩნია ამ კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების რეალიზაციის მექანიზმი, ანუ საამისოდ არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა. ამის გამო დღემდე ქვეყანაში ისეთივე წარმატების შემოდის და რეალიზდება გენმოდიფიცირებული პროდუქცია თუ სათესლე მასალა, როგორც ნატურალური. არადა, მომხმარებლის უფლებაა, იცოდეს, რას და როგორი ხარისხის პროდუქტს ყიდულობს. გარდა ამისა, უკონტროლო სისტემის მეშვეობით საფრთხე ექმნება ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას, რადგან თუ გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ერთხელ შეიჭრა ქვეყნის ტერიტორიაზე, ის დამტვერვის შედეგად გადადის სხვა კულტურაზე, ხოლო მეცხოველეობაში საკვებად გამოყენებისას, გმო–ს შემცველი მარცვლეული დაფქვისას ერევა მისგან თავისუფალ ფურაჟს,“ – აღნიშნავს გოგუაძე.
მისი თქმით, ამის შედეგად სამომხმარებლო ბაზარი გარანტირებულად იქნება დაცული ამგვარი პროდუქტების უკონტროლოდ ხმარებისგან.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ვანო ხუხუნაიშვილი გიორგი გოგუაძის იდეას “საინტერესოსა და მიმზიდველს“ უწოდებს და ამბობს, რომ პარლამენტში მას წინააღმდეგობა არ შეხვდება, განსჯის საგანი მხოლოდ საკითხის დეტალები გახდება.
“აღნიშნულ იცინიატივას პრეზიდენტის დადებითი რეაქცია მოჰყვა, ასე რომ. პრინციპულ დონეზე საკითხი გადაწყვეტილია, უბრალოდ, დეტალების შესწავლაა საჭირო,“ – განაცხადა ხუხუნაიშვილმა.
commersant.ge