გაიზრდება თუ არა ბუნებრივი აირის ტარიფი და რას უკავშირდება ,,ყაზტრანსგაზ-თბილისში“ შექმნილი პრობლემები? გაზგამანაწილებელ კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნასთან დაკავშირებით მსჯელობა არ წყდება და მომხდარს ხელისუფლების შემდეგ უკვე ექსპერტულ წრეებშიც აფასებენ. ის, რაც “ყაზტრანსგაზთან“ დაკავშირებით ხდება, ექსპერთა შეფასებით, მარეგულირებელი კომისიის უსუსური მუშაობის შედეგია. დავით ნარმანიას განცხადებით, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია, რომელსაც საქართველოს პირობებში ძალიან მაღალი სახელფასო განაკვეთი აქვს, ვერ არეგულირებდა და ვერც ამჟამად არეგულირებს ბაზარზე ვითარებას. “მარეგულირებელი ვერანაირად ვერ ებრძვის რომელიმე კომპანიის მონოპოლიურ მდგომარეობას. ასევე გაზისა და ნავთობის შესახებ კანონში შეტანილი ბოლო ცვლილების მიხედვით, მას რეალურადაც აღარ აქვს იმის საშუალება, რომ ტარიფი დაადგინოს. ბერკეტი დღეს ტარიფის დადგენის კუთხით სწორედ კომპანიების ხელშია გადასული და დიდი ალბათობაა, 80 მილიონი ლარის დავალიანება ,,ყაზტრანსგაზმა“ სწორედ მომხმარებლიდან ამოიღოს, რაც პირდაპირ ტარიფის შესაძლო გაზრდას ნიშნავს“, – აცხადებს ნარმანია. მისივე თქმით, არსად მსოფლიოში ყაზახი ბიზნესმენები ცივილიზებული მენჯმენტით არ გამოირჩევიან და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს კარგად იცოდა, სწორედ ამ კომპანიას ჩააბარა “თბილგაზი”. “არავინ ფიქრობს, რას მოუტანს ინვესტორი კონკრეტულ გასაყიდ ობიექტს, ამან კი იქამდე მიგვიყვანა, რა მდგომარეობაშიც დღეს ,,ყაზტრანსგაზ თბილისია“. ეს ყველაფერი ბენდუქიძის ეკონომიკური მიდგომების შედეგია. იმის ნაცვლად, რომ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ფუნქციების განსაზღვრაზე გვეზრუნა, იმაზე მიდიოდა დავა, სემეკი თბილისში უნდა ყოფილიყო, თუ ქუთაისში” – დასძენს ექსპერტი. “სემეკის“ თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი ექსპერტებს კომისიის ფუნქციების უკეთ გარკვევას ურჩევს. ,,სემეკი კანონით ბაზარზე არანაირ მდგომარეობას არ არეგულირებს… ჩვენი ფუნქციაა ტარიფის დადგენა, ლიცენზიის გაცემა, მომხმარებლის პრობლემების განხილვა“, – განაცხადა ჩალაგაშვილმა და აღნიშნა, რომ სემეკი ვერ ჩაერევა იმ პროცესში, თუ სად და როგორ იყიდის გაზგამანაწილებელი კომპანია ბუნებრივ აირს. შეგახსენებთ, რომ “ყაზტრანსგაზ–თბილისის“ ირგვლივ ახალი სკნდალი აგორდა, რაც შესაძლოა თბილისისთვის გაზმომარაგების შეწყვეტით დასრულდეს. “სემეკმა“ გაზგამანაწილებელ კომპანიას ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად სპეციალური მმართველი დაუნიშნა. როგორც “სემეკის“ თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კომპანიის დიდი ოდენობით კრედიტორული დავალიანება გახდა. “ყაზტრანსგა–თბილისს“ 80 მილიონ ლარზე მეტი კრედიტორული დავალიანება ერიცხება, მათ შორის, 68 მილიონი ლარი მიღებული ბუნებრივი გაზისათვის “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ წინაშე მართებს. ჩალაგაშვილის ინფორმაციით, ფინანსური ვალდებულებების სრულად დაფარვის შემთხვევაში სპეციალური მმართველი დაუყოვნებლივ შეწყვეტს საქმიანობას. ამასთან, “სემეკის“ თავმჯდომარე კატეგორიულად გამორიცხავს “ყაზტრანსგაზი-თბილისის“ გაკოტრების შესაძლებლობას და აცხადებს, რომ ამ საშიშროების წინაშე კომპანია სწორედ კვალიფიციური მმართველის წყალობით არ აღმოჩნდება. გაკოტრების საფრთხეებზე ამ ეტაპზე არც “ყაზტრანსგაზ–თბილისში“ საუბრობენ, თუმცა დანამდვილებით არც ის არის ცნობილი, შესძლებს თუ არა კომპანია სოლიდური დავალიანების დაფარვას. “კომპანიას ჯერჯერობით გაკოტრების საფრთხე არ უდგას და შესაბამისად, არც თბილისის მოსახლეობის გაზმომარაგების პროცესი შეფერხდება,“–განაცხადეს “ყაზტრანსგაზ–თბილისში“. “სემეკის“ მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნას კი კომპანიის წარმომადგენლები ჩვეულებრივ სამუშაო პროცესს უწოდებენ და ახალი მმართველის დასახვედრად ემზადებიან. სამაგიეროდ, შექმნილ ვითარებას ექსპერტულ წრეებში ნაკლებ ოპტიმისტურად უყურებენ. ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში დავით ებრალიძე ღიად აცხადებს, რომ ამან შესაძლოა, პრობლემები თბილისის ბუნებრივი აირით მომარაგებას შეუქმნას. ებრალიძისთვის გაუგებარია, რატომ აწვდიდა გაზის კორპორაცია “ყაზტრანსგაზ–თბილისს“ გაზს იმ დროს, როცა ისინი დავალიანებას არ იხდიდნენ. ექსპერტი ვარაუდობს, რომ “ყაზტრანსგაზი“ მოსახლეობიდან თანხას იღებდა, თუმცა, გაზის კორპორაციას თანხას არ უხდიდა და თავად იტოვებდა. ექსპერტი ასევე აცხადებს, რომ შესაძლოა, ყაზახური “ყაზტრანსგაზი“ საკუთარ შვილობილ კომპანიას საქართველოში არამომგებიანად მიიჩნევდა და ამ თანხას დახარჯული ინვესტიციის სანაცვლოდ იტოვებდა. ებრალიძე ასევე განმარტავს, რომ დავალიანება ან სახელმწიფო ბიუჯეტმა ან თავად კომპანიამ უნდა დაფაროს, არ დაფარვის შემთხვევაში კი თბილისის მოსახლეობა გაზის შეწყვეტის წინაშე რეალურად დადგება.
რადიო “კომერსანტი“, FM 95,5
როგორ და სად გავიგო გაზის ტარიფები საქართველოს მასშტაბით 2010 წლის იანვრიდან დღემდე?